სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 98% ჯანმრთელი ფეხებით იბადება, მოზრდილების 40%-ს კი გარკვეული დეფექტები აღენიშნება. დარღვევების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფეხსაცმელიცაა. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ მისი ფეხის ზომა რაც უნდა კარგად იცოდეთ, მაინც უნდა მოაზომოთ. შეიძლება, უბრალოდ, მოდელი არ მოერგოს ფეხს. რომ გადაამოწმოთ, მართლაც მოერგო თუ არა ბავშვს შერჩეული ფეხსაცმელი, ტერფსაზომი გამოიყენეთ ან ამოიღეთ ფეხსაცმლიდან ტერფსაფენი და ბავშვის ტერფს დააზომეთ. ის 1-1,5 სანტიმეტრით გრძელი უნდა იყოს ფეხზე, რათა ცხელ ამინდებში გაფართოებული ფეხისთვის თავისუფალი სივრცე დარჩეს. ზამთარში კი სივრცე აუცილებელია თბილი ჰაერის მოძრაობისთვის.
აუცილებელია გახსოვდეთ,რომ დაშვებულია მხოლოდ ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლის ტარება. უფრო დიდი ზომა, რომელსაც მშობლები ხშირად ყიდულობენ, რადგან ბავშვს ფეხი სწრაფად ეზრდება, დაუშვებელია. ამას შეიძლება ორთოპედიული დარღვევები მოჰყვეს.ფეხსაცმლის ყიდვა დღის მეორე ნახევარში უფრო გამართლებულია ამ დროს ფეხი უკვე გაფართოებულია, მოსასინჯად კი აუცილებლად ფეხზე მდგარ ბავშვს ჩააცვით. ხარისხიანი საბავშვო ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისგან, ბუნებრივი ქსოვილისგან მზადდება. ხელი ჩაყავით ფეხსაცმელში და დარწმუნდით, რომ შემაწუხებელი ნაკერები და ნაკეცები არ აქვს. ფეხსაცმლის ძირები საკმაოდ მკვრივი უნდა იყოს, თუმცა მოხრისას აუცილებლად უნდა იღუნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ფეხი მალე დაეღლება. სიმკვრივეც აუცილებელია, რომ ბავშვს ფეხი რამემ არ დაუზიანოს. შერჩეული ფეხსაცმელი ცოტა ხნით ხელშიც გაიჩერეთ - დააკვირდით, ზედმეტად მძიმე ხომ არაა. ფეხსაცმელი მტკიცედ უნდა აკავებდეს ბავშვის კოჭს და სახსარს. მაღალი უნდა იყოს ქუსლის მხარეც, მინიმუმ კოჭამდე მაინც. აუცილებელია 5-10 მმ სიმაღლის ქუსლიც. ღია ფეხსაცმელი, ორთოპედთა მიერ დაშვებულია მხოლოდ 8 წლიდან, ისიც იმ შემთხვევში, თუ ბავშვს ორთოპედიული პრობლემა არ ჰქონია. ბავშვებს ხშირად ერთმანეთის გამონაცვალი ფეხსაცმელი აცვიათ. ხშირად მშობელი მეორად ფეხსაცმელსაც ყიდულობს. ორთოპედები ნახმარი ფეხსაცმლის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. სხვის ფეხსაცმელს ძველი მფლობელის ტერფის ფორმა აქვს მიღებული და შეიძლება ის თქვენს შვილს სულაც არ შეეფერებოდეს. თანაც ნახმარი ფეხსაცმელი კოჭს ცუდად აფიქსირებს. ხშირად მშობლები იმ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც სუპინატორი მოჰყვება. სუპინატორი ორთოპედიული საშუალებაა და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისას ინიშნება. 6 წლამდე სუპინატორის ხმარება ორთოპედის დანიშნულების გარეშე სულაც არაა სასურველი. თუ ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება, ის სპეციალურ მაღაზიაში უნდა შეიძინოთ და ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა გამოიყენოთ.