2022 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური ზრდა 7.5% იყო (-0.4% თ/თ), წინა თვის 11%-იანი ზრდის შემდეგ და 43.2 მლრდ ლარი შეადგინა - ინფორმაციას გალტ & თაგარტი კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაში ავრცელებს.
ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ აპრილში 17.9% შეადგინა. სექტორების მიხედვით, აპრილში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა, მცირედით, 15.8%-მდე შენელდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 19.9% შეადგინა. ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 13.5% იყო აპრილში, წინა თვის 13.6%-იანი ზრდის შემდეგ.
კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, შემცირებულია დოლარიზაციის მაჩვენებელიც და 2022 წლის აპრილში სესხების დოლარიზაცია 49.6%-მდე შემცირდა, ხოლო უმოქმედო სესხებმა 1.9% შეადგინა.
ასევე, აპრილში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა, 13.6%-მდე შენელდა.