ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,4%-დან 16,7%-მდე მოიმატა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 12,2%-ს, ხოლო წელს უკვე 13,8%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 17,8%-დან 18,8%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, ცვლილება ფაქტობრივად, არ არის. საშუალო საპროცენტო განაკვეთი 6,5%-ს შეადგენდა როგორც წინა წლის აპრილში, ასევე მიმდინარე წელს. მცირედით, 0,2%-ით არის გაზრდილი იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და ამ დროისთვის 6,7%-ს შეადგენს. ფიზიკური პირების სესხებზე კი 6,2%-დან 6,1%-მდეა შემცირებული.