გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიანმარში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოში ერთიანობა იქნება.
”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა ძირითადი აქტორის მობილიზება მოვახდნოთ და დავარწმუნოთ მიანმარი, რომ ეს სამხედრო გადატრიალება წარუმატებელია,”- განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგების შეცვლა მიუღებელია და სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ქვეყნის მართვის გზა არ არის.
გაეროს უშიშროების საბჭო მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე ვერ შეთანხმდა, რადგან საკითხს მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.