ეპიდემია უკონტროლო რჩება, მალე ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა მილიონს მიაღწევს,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ვაქცინა პრობლემას ვერ გადაჭრის და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების გააქტიურება. მისივე თქმით, ვინაიდან „ვირუსი საზღვრებს არ ცნობს“, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და „გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ“ უნდა იქცეს.
ანტონიო გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანებს ვაქცინაციის სურვილი უნდა ჰქონდეთ, მან ისაუბრა "საგანგაშო ინფორმაციაზე“, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იკავებს ან უარს ამბობს ახალი კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე, მათი ეს დამოკიდებულება კი დეზინფორმაციის ზეგავლენითაა გამოწვეული.