გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად იემენში, ლიბიაში, ავღანეთსა და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთში კოვიდის შემთხვევები გაორმაგდა, აზერბაიჯანში კი 80 %-ით გაიზარდა. არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, კოვიდი იმარჯვებს, უნდა შევჩერდეთ,“- განაცხადა გუტერეშმა Associated Press-სთან ინტერვიუში.
მისივე მტკიცებით, იგივე ითქმის კონფლიქტებზე ლიბიაში, იემენში, სირიაში, ავღანეთში და სხვა ტერიტორიებზე.
„მივმართავ ყველას, გააცნობიერონ, რომ ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტის, პოლიტიკური მოლაპარაკებების და კოვიდის დამარცხების მიზნით ძალისხმევის გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი გამარჯვებული პანდემია იქნება,”- აღნიშნა გუტერეშმა.