2020 წლის 1-ლი იანვრიდან ის პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი. აღნიშნულის შესახებ მათ ანტიდემპინგური კანონი დაავალდებულებთ. კანონპროექტის მიზანია დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. ამისთვის კი უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. კერძოდ, თუ იმპორტირებული პროდუქტი იყიდება ღირებულებაზე დაბალ ფასად და მიმართულია, რომ დააზიანოს ადგილობრივი ინდუსტრია, ამ შემთხვევაში იწყება გამოძიება, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ახორციელებს. ამას წინ უძღვის ადგილობრივი ინდუსტრიის განცხადება, რის საფუძველზეც იწყება გამოძიება. დემპინგის გამოსავლენად გამოძიება მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში შესაძლოა მიმდინარეობდეს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიების დასრულებამდე ადგილობრივ ინდუსტრიას სერიოზული ზიანი ადგება, კანონი ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ღონისძიების შემოღებას გულისხმობს. ამ ღონისძიების ფარგლებში იმპორტიორ კომპანიას უწესდება სპეციალური დემპინგური ტარიფი, რომელსაც დეკლარირების, განბაჟების დროს გადაიხდის. გამოძიების სრულად დასრულების შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ დემპინგი არ ყოფილა, ამ თანხის კომპანიისთვის დაბრუნება მოხდება. ხოლო თუ დადასტურდება დემპინგური ფასების არსებობა, მაშინ ტარიფი იმის მიხედვით დაწესდება ან შეიცვლება, რაც ადგილობრივი ინდუსტრის დასაცავად იქნება საჭირო.ანტიდემპინგური კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს გადაუგზავნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს. ანტიდემპინგური კანონის მიღებას კერძო სექტორი და ადგილობრივი ინდუსტრია დიდი ხნის განმავლობაში ითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ დემპინგური იმპორტი მათ მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა.