გერმანიის მთავრობაში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კოორდინატორი ხელისუფლებას რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Politico ავრცელებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა, რუსული გაზსადენის პროექტის მიმართ გერმანიის პოლიტიკის შეცვლის პირველი სიგნალი იყოს.
საინტერესო ისაა, რომ ეს კოორდინატორი ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატია, მერკელი კი რუსეთ-გერმანიის მარშრუტის გაზსადენის პროექტის დასრულებას პრინციპულად უჭერს მხარს.
დეკემბერში კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ მისი მხარდაჭერა „აბსოლუტურად უცვლელია“, იანვარში კი დაამატა, რომ შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს არ იწონებს.