გერმანიის კონსერვატიული პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭომ კანცლერის თანამდებობაზე პარტიის ლიდერის, არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი, - ამ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლაშეტს მხარი პარტიის საბჭოს უმრავლესობამ - 31 წევრმა, ანუ 77.5% -მა, დაუჭირა, მისმა კონკურენტმა „ქრისტიანული სოციალური კავშირის“ წარმომადგენელმა მარკუს სოდერმა კი მხოლოდ 9 ხმა მიიღო. კენჭისყრის შედეგები „ქრისტიანული სოციალური კავშირისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ბლოკის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, თუმცა სოდერმა განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭოს გადაწყვეტილებას.
არმინ ლაშეტი, რომელსაც ანგელა მერკელის ფავორიტად მიიჩნევენ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. გერმანელები ახალ პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში აირჩევენ.