ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ექიმისთვის "სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა".
"მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება", - განაცხადა ბიბილოვმა.
აღნიშნული განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დე-ფაქტო პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია.
შეგახსენებთ, ქართველი ექიმი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 9 ნოემბერს დააკავეს, 20 დეკემბერს კი მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.