ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განსახლებისთვის ბიუჯეტიდან 96 მილიონი ლარი დაიხარჯება. განსახლების სამოქმედო გეგმის პროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. პირებმა, რომელთა ქონებაც პროექტის მოქმედების არეალში ხვდება, ტერიტორია გამოსყიდვის მიღების შემდეგ არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა დატოვონ. იმ შემთხვევაში კი თუ მესაკუთრე გამოსყიდვაზე თანახმა არ იქნება, სახელმწიფოს უფლება აქვს მიწის ნაკვეთი იძულებით ჩამოართვას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. პორტის მშენებლობა ჯამში, 9 ფაზას მოიცავს. საბოლოო ჯამში კი, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს, დასრულება კი 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.