ჩემი მინისტრობის პერიოდში ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მქონდა მთელი რიგი კითხვები, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, მან თავისი მინისტრობის პირველივე დღიდან მოსთხოვა მთავრობას და სამინისტროს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკურად დასაბუთებული ანალიზი, თუმცა მისივე თქმით, „ასეთი ანალიზი არ არსებობდა“.„გულახდილად რომ ვილაპარაკო, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე მქონდა მთელი რიგი კითხვები. წესით, ეს პორტი, უნდა მოემსახუროს ტვირთებს, რომელიც მოძრაობს ევროპასა და აზიას შორის. მაგალითად აზიიდან მომავალი ტვირთმა, ყაზახეთიდან ან ჩინეთიდან, ყველა შემთხვევაში, უნდა გაიაროს კასპიის ზღვაზე, მერე უნდა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ შავ ზღვაზე. წარმოიდგინეთ, ტვირთი, რომელიც მოდის აზიიდან, უნდა მოვიდეს პორტში კასპიის ზღვაზე, უნდა გადაიტვირთოს გემზე, უნდა გადაიტვირთოს აზერბაიჯანში რკინიგზაზე, უნდა გადაიტვირთოს საქართველოში ისევ გემზე - ეს კი არის ძალიან რთული ლოჯისტიკა. ამიტომ ჩემთვის იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, თუ ასეთი რთული ლოჯისტიკაა, როგორ მოუგებს ეს შუა დერეფანი თავის კონკურენტუნარიანობით სხვა ალტერნატიულ დერეფანს, რომელსაც დღეს იყენებენ გადამზიდავები. აზიიდან ევროპაში გადაზიდვისთვის. მაგალითად, ყაზახეთიდან დღეს ერთ-ერთი ალტერნატიული გზა, ეს არის პირდაპირ რკინიგზაზე ტვირთი, რომელიც რუსეთის გავლით შედის ევროპაში. წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივია. ამასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან მოვითხოვე, კორსორციუმსაც ვთხოვე და მთავრობასაც ვთხოვე და ძალიან დიდი ხანი ვეძებე სამინისტროში, რომ ჩემთვის ეჩვენებინათ ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ანალიზი არ არსებობდა“, - განაცხადა ქობულიამ.როგორც მან აღნიშნა, „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესანიშნავი პროექტია და ის კონკურენციაშია ჩვენს პორტებთან. ვინც გეოგრაფიას წარმოიდგენს, მიხვდება, რომ ის ტვირთები, შეიძლება შესანიშნავად გავიდეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით და გავიდეს თურქეთით, რომლებსაც შესანიშნავი პორტები აქვთ სტამბულშიც და ხმელთაშუა ზღვაზეც“.