"ჩვენ "კონტის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა, თუმცა ფაქტია, რომ დაგეგმილ ტრანზაქცია არ შედგა და "კონტი" რჩება აქციონერად," - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ტრანზაქცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო, ვერ მოესწრო, შესაბამისად, "კონტი ჯგუფის" აქციები არ გასხვისებულა. "მე არ ვთვლი, რომ ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადება გაკეთდა. ჩვენ ვთქვით, რომ დაგეგმილი ტრანზაქცია არ შედგა და შესაბამისად, კონტი რჩება აქციონერად. ეს არის ფაქტი. მათ დააფიქსირეს თავისი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით. ეს სამწუხაროა. ჩვენ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა,მაგრამ ფაქტები არის იგივე: ტრანზაქცია, რომელიც შეთანხმდა ზაფხულში, დაგეგმილი იყო, რომ ოქტომბრის ბოლომდე ყველა ფორმალობა დასრულდებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ტრანზაქცია არ შედგა, კონტის აქციების გასხვისება არ მოხდა და ისინი აქციონერებად რჩებიან. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით არც საუბრები არ არის. მათი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით რჩება,"- განაცხადა ახვლედიანმა. მისივე თქმით, კონსორციუმი აგრძელებს სხვა ინვესტორებთან, მათ შორის ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან მოლაპარაკებას, რომლის ვინაობის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. "ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ინვესტორებთან მუშაობას. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან. მის ვინაობას დღეს ვერ დავასახელებთ. უახლოეს მომავალში დამატებითი ინფორმაცია გვექნება ამ მოლაპარაკებების წინსვლასთან დაკავშირებით," - განაცხადა ახვლედიანმა.