კონსტანცას პორტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტით დაინტერესდა. პორტის ოფიციალური დელეგაცია გენერალური მენეჯერის, ნიკოლაი დან ტივლიკის ხელმძღვანელობით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ესტუმრა და პროექტს დეტალურად გაეცნო. შეხვედრაზე ორი პორტის მენეჯმენტმა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილა, რომლის გაფორმებაც უახლოეს მომავალში დაიგეგმა. კონსტანცას პორტი მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას, რომელიც 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. კონსტანცას წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთო სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას; გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის რუმინეთისა და საქართველოს გავლით. კონსტანცას პორტი შავი ზღვის აუზის სანაპიროს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რუმინეთში, 4 ათას ჰექტარზეა განლაგებული და წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიოანობა აქვს.