ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო და ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვს. ანაკლიის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია "ვანოორდს" ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანა.
არსებული ინფორმაციით, ჰოლანდიურმა კომპანია "ვანოორდმა" ზღვის სიღრმეში, 3500 კმ სიგრძეზე განთავსებული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ" ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.