"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა დღეს ეწურება.
მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს სწორედ 31 დეკემბრამდე მიეცა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა.
როგორც მთავრობის წარმომადგენლებისგან ითქვა, სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ აპირებს სამთავრობო გუნდი იმსჯელოს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. როგორც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, 31 დეკემბრის ვადა კონსორციუმისთვის "ბოლო შანსია და გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება".
რაც შეეხება თავად კონსორციუმის პოზიციას, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" 16 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოიძიეს ინვესტორი, რომელიც პროექტითაა დაინტერესებული, რის შესახებაც მთავრობა საქმის კურსშია, თუმცა მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა.