საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე მთიან ყარაბაღში მიმდინარე 44-დღიანი კონფლიქტის დროს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა განახორციელეს არაპროპორციული და განურჩეველი თავდასხმები, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულია.
ორგანიზაციის ცნობით, ორივე მხარემ გამოიყენა არაზუსტი იარაღი, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალები, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო მკვლელობები გამოიწვია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს უარყოფს, „თუმცა არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ეს ორივე მხარემ ჩაიდინა.“
Amnesty International-ი კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ, საფუძვლიანად, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების ფაქტები, პასუხი აგებინონ დამნაშავეებს და აიღონ ვალდებულება, რომ კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება აღარასოდეს მოხდება.