„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსის ჩამორთმევის გამო მოუბოდიშა და განაცხადა, რომ მას ამ სტატუსს ხელახლა მიანიჭებენ. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოდიშს იხდის იმ უარყოფითი შედეგების გამო, რაც ამ გადაწყვეტილებამ ალექსეი ნავალნისა და იმ აქტივისტებს მოუტანა“- აცხადებენ ორგანიზაციაში. ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „სინდისის პატიმრის“ სტატუსი არ ნიშნავს მისი პოლიტიკური პროგრამის აღიარებას. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსი 24 თებერვალს გაუუქმა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ წარსულში ალექსეი ნავალნის მიერ გაკეთებული განცხადებები სიძულვილის ენის ნიშნებს შეიცავდა.