პირებმა, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში ნაყიდი ტესტით კორონავირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთ შემთხვევაში აფთიაქებში შეძენილ ტესტს მოსახლეობა სწორად ვერ იკეთებს, ან ტესტი სწორ პასუხს არ აჩვენებს.
რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებისგან გარკვეული კატეგორიის პირების გათავისუფლებას, რომლის რეკომენდაციითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ წინადადებაა და საკითხზე საბჭომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს.