დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტად საყურადღებო სამი რეგიონია. აქედან, მისი თქმით, დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში დაფიქსირდა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მაღალი რჩება ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში, თუმცა იქ ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.
მისივე განმარტებით, ახლადინფიცირებულთაგან, ყველაზე მეტი სიმპტომიანი პაციენტები არიან, მეორე დიდი ჯგუფი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები არიან.
გამყრელიძის თქმით, იზრდება ექიმების ინფიცირების მაჩვენებელიც და ახლადინფიცირებულთა შორის მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს. მისივე თქმით, კოვიდ-19 იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი და არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.