ამფიპრიონი, რომელმაც კაშკაშა კონტრასტული შეფერილობის წყალობით მიიღო მასხარა თევზის სახელი, აღიარება ამერიკულ ანიმაციურ ფილმში „ნემოს ძიებაში“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა. მართალია, მულტფილმის პრემიერა თითქმის ორი ათეული წინ შედგა, მაგრამ „მასხარა“ მაინც არ კარგავს პოპულარობას, განსაკუთრებულ ინტერესს მის მიმართ კი, აკვარიუმის თევზების მოყვარულები იჩენენ, რადგან ამფიპრიონი ერთნაირად კარგად ეგუება როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე შუშის სახლში ცხოვრებას.
მასხარა თევზი მეტწილად ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ტროპიკულ წყლებში ვრცელდება, აუცილებლად მარჯნის რიფებში ცხოვრობს და ყოველთვის აქტინიებთან (მარჯნის პოლიპების კლასის ზღვის ნაწლავღრუიანების რიგის ზღვის ანემონები) ახლოს ცურავს, ამიტომ ნაკლებად ხასიათდება სეზონური მიგრაციით. აღსანიშნავია, რომ ამფიპრიონთა ნაწილი მთელ ცხოვრებას აქტინიების მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახეობას უკავშირებს, ნაწილი კი, განსხვავებულ სახეობებში ამჯობინებს დაბუდებას.
პომაცენტრალურ ოჯახში გაერთიანებული ამფიპრიონი მხოლოდ მცირე ნიუანსებით განსხვავებულ 25 სახეობას აერთიანებს. მინიატურული თევზის გაბარიტები არასდროს აღემატება 15-20 სანტიმეტრს, თუმცა, მდედრი ყოველთვის უფრო მსხვილია, ვიდრე მამრი.
მასხარას გაბრტყელებული ტანი, მაღალი ზურგი და მოკლე თავი აქვს. ზურგს ერთი, თუმცა ორად გაყოფილი ფარფლი უმშვენებს, რომლის წინა ნაწილი დაკბილული, უკანა კი, გლუვი და რბილია. შუაზე აქვს გაყოფილი ყველაზე მგრძნობიარე ორგანო - გვერდის ზოლიც, რომლითაც წყლის რხევას განსაზღვრავს. თევზის განმასხვავებელ თავისებურებად მოჭარბებული ლორწო ითვლება კანზე, რომელიც აქტინიების მჩხვლეტავი უჯრედებით დაფარული საცეცებისგან იცავს.
თევზები იდენტური შეფერილობით ნარინჯისფერ ან ყვითელ ფონზე მსხვილი თეთრი და შავი ზოლებით ხასიათდებიან, ნარინჯისფერი აქვს მასხარას თვალის ფერადი გარსიც.