ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის რეგიონალური კამპუსი, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიხსნება. მემორანდუმს ხელი ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯულიან შუსტერმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს.
წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერი - ვებსტერი, რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე 2021 წელს გახსნის, სადაც ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მდებარეობს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა ქართული განათლებისა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის და თანამშრომლობისთვის.
ჯულიან შუსტერის განცხადებით კი, შეთანხმების გაფორმება საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ვებსტერის უნივერსიტეტისთვის, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტისთვის საქართველოში, ვინაიდან ის მაღალი ხარისხის განათლების მიღების მხრივ დიდი შანსი იქნება როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე მეზობელი ქვეყნის სტუდენტებისთვის.