ამერიკელი სენატორები, რომლებიც კიევში ვიზიტით იმყოფებიან, უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას დაჰპირდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შედეგები მოჰყვება.
„ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა თავის კარიერაში უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ როგორ მამაცურად შეებრძოლება მას უკრაინელი ხალხი, თუ ის შეიჭრება. ჩვენ დავაწესებთ გამანადგურებელ ეკონომიკურ სანქციებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკრაინელ ხალხს მივცემთ იარაღს, ლეტალურ იარაღს, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად“, – განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს შორის შესაძლოა, იყოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“, „სტინგერის“ სარაკეტო სისტემები და სხვა სახის შეიარაღება.