ამერიკელი „რესპუბლიკელი“ და “დემოკრატი“ სენატორების ჯგუფი რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
სენატორებმა ორპარტიული მიზნობრივი კანონპროექტი - „მავნებლური ქმედებების გამო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის აქტი 2020“ - წარადგინეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევებში მონაწილე პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„მიზნობრივი კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის ალექსეი ნავალნის ბოლოდროინდელი მოწამვლის ფაქტის, თანამონაწილეები არიან, კანონპროექტი ადმინისტრაციას მიუთითებს დაადგინოს, დაარღვია თუ არა კრემლმა აშშ-ის კანონები, რომლებიც კრძალავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას ”, - ნათქვამია წერილში, რომელიც „დემოკრატი“ სენატორის, კრის კუნსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტს ხელს აწერენ სენატორები კრის კუნსი, მარკო რუბიო, ბენ კარდინი, მიტ რომნი და კრის ვან ჰოლენი.