ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა იმიტომ ჩაანაცვლეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.
"ამდენი დევნისა და უბედურებების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", გაერთიანებულმა ოპოზიციამ და "ძალა ერთობაშიამ" შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის და გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი: ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მახაზ ჯალაღონია. არიან მთელი რიგი ძალიან გამორჩეული და წამყვანი, წარმატებული ბიზნესმენები. და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოსი ყველაფერი იცველბა და საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ასევე შემოგვიერთდა სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ ტელესივრცის, არამაედ ზოგადად შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში ნანუკა ჟორჟოლიანი და ესეც ძალიან დიდი შენაძენია. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს.