ამბროლაურში დღეს აეროპორტი იხსნება. ახალი აეროპორტი 16:00 საათზე პირველ თვითმფრინავს მიიღებს, რომლის მგზავრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.