უახლოეს თვეებში Amazon-ი კორპორატიულ და ტექნოლოგიურ პოზიციებზე მსოფლიო მასშტაბით 55 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ენდი იასიმ განუცხადა.
ენდი იასი, რომელიც Amazon-ის გენერალური დირექტორი ივლისში გახდა, აცხადებს, რომ კომპანიას მეტი ცოცხალი ძალა სჭირდება, რათა საცალო ვაჭრობის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და სარეკლამო ბიზნესის მოთხოვნებს არ ჩამორჩეს. მისი თქმით, ახალ თანამშრომლებს Amazon-ის ახალი ფსონიც მოითხოვს, რაც კომპანიამ, Project Kuiper-ის ფარგლებში, ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებით ფართოზოლიანი წვდომის გაფართოებაზე დადო.
Amazon-ის ყოველწლიური ე.წ. ვაკანსიების გამოფენა 15 სექტემბრიდან გაიხსნება, რაც, ენდი იასის თქმით, სამსახურში ხალხის მისაღებად კარგი დროა.
Amazon თანამშრომელთა რაოდენობით აშშ-ში მეორე კერძო დამსაქმებელია. 2020 წელს კომპანიამ 500 000 ადამიანი აიყვანა სამსახურში და ძირითადად, სასაწყობე და მიწოდების ოპერაციებზე დაასაქმა. ამ სფეროში კომპანიას მნიშვნელოვანი ბრუნვა აქვს.
55 000 ვაკანსიიდან 40 000 აშშ-ს ფილიალებს შეეხება, დანარჩენი კი ინდოეთს, გერმანიასა და იაპონიას. გასულ წელს ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კომპანიას, მთლიანობაში, 22 000 ადამიანი შეუერთდა.