"ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ადამიანმა მიმართა", - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საპენსიო სააგენტოში განუცხადეს. როგორც სააგენტოში აღნიშნეს, 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე სქემის დატოვების უფლება არც ერთ მათგანს არ აქვს, რამდენადაც მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არ გასულა. შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო საგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.