ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი შესაძლოა, დიაბეტური კომა ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემა იყოს, - ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტებმა Известия-სთან საუბარში განაცხადეს. გამოცემის ინფორმაციით, ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნავალნის სისხლში შაქრის და შარდში აცეტონის დონე მაღალი იყო. გარდა ამისა, ელექტროკარდიოგრამამ მიოკარდიუმში მეტაბოლური ცვლილებები გამოავლინა. გადაუდებელმა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ექსპერტმა Известия-ს განუცხადა, რომ აცეტონისა და შაქრის მომატებული დონე, ისევე როგორც მიოკარდიუმის მეტაბოლური ცვლილებები, შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტურ კომაზე, რაც მისი განმარტებით, შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური გადატვირთვით, სტრესით ან ნერვული დაძაბულობით. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია საუბარი ტვინის სისხლძარღვების თრომბზე, რომელსაც კომის გამოწვევა მოკლე დროში შეუძლია. შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.