თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავდათ, ბერლინში უკვე ჩაფრინდა. ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა „ტვიტერზე“ გაავრცელა. „თვითმფრინავი, რომელსაც ალექსეი ნავალნი გადაჰყავს, ამ წუთას დაეშვა ბერლინში“, - წერს კირა იარმიში. შეგახსენებთ, თვითმფრინავი დღეს დილით, ომსკის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. თავდაპირველად რუსი ექიმები მისი ტრანსპორტირების წინააღმდეგები იყვნენ და განმარტავდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გადაყვანის საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა, მოგვიანებით, მათ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ. ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ.