პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი შიმშილობის ფონზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ბარბაცით მოსიარულე ჩონჩხს დაემსგავსა.
„გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს. ახლა ჩემით იმ ბავშვების შეშინება შეიძლება, რომლებიც საჭმლის ჭამაზე უარს აცხადებენ. გამეცინა, როდესაც წავიკითხე ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ წამიყვანთ. "ნოვიჩოკის" შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია”, - წერს პოლიტიკოსი.
ამასთან, ის მხარდამჭერებს მადლობას ეუბნება მის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.