დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავას განმატებით, მან აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. მინისტრის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს.