თელავის მუნიციპალიტეტის შენობაში სოფელ ართანის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სოფლის მიმდებარედ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის მშენებლობა სოფელს ეკოლოგიურად დააზიანებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დიდხევის ხეობას ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება. მათი თქმით, ჰესის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის ფლორას და ფაუნას.ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დღეს კომპანია "ართანა-ლოპოტას" წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლოებიც მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებენ. მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომელიც სოფლად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.კომპანია პირობას დებს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში სოფელში ახალ ამბულატორიას ააშენებენ, სანიაღვრე არხებს მოაწყობენ და ათობით ადგილობრივს დაასაქმებენ.