მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდევაზე დახურულ სხდომაზე იმსჯელა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა. ამასთან ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა სერგო ოსმინკინის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი ორი დღის წინ, შემთხვევით გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.