ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში რჩებიან. ამის შესახებ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის პრესსამსახურში განაცხადეს.მათი ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადაწყვეტილება იყო დარჩენილიყვნენ კლინიკაში და მკურნალობა გაეგრძელებინათ.
ჰოსპიტალის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მათ ჰოსპიტალური მკურნალობა აღარ ესაჭიროებათ და შეეძლოთ ამბულატორიულ მკურნალობაზე გადასულიყვნენ. შეგახსენებთ, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში 2 ნოემბერს განაცხადეს, რომ ახალქალაქში ინციდენტისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათივე განცხადებით, საარჩევნო შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, უმრავლესობის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით. პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბრალი 5 პირს წარედგინა.