საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ცვლილება სავარაუდოდ პირველი ივლისიდან შევა ძალაში. კანონპროექტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა 100-დან 150 ლარამდე ეღირება. მოტოციკლის 75-110 ლარი, ხოლო ავტობუსის შემთხვევაში ეს თანხა 160-დან 240 ლარამდე განისაზღვრება. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ რომ ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არიან.ინიციატივას დადებითად აფასებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელიც. დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, ინდუსტრია მთავრობისგან ამ საკითხის გააქტიურებას უკვე 15 წელია მოითხოვს. დევი ხეჩინაშვილი ამბობს რომ მესამე პირის დაზღვევა ყველა განვითარებულ ქვეყანაში სავალდებულოა. მძღოლებისთვის მესამე პირის დაზღვევის ვალდებულების დაკისრებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ და ამბობენ რომ ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში აპრობირებულია. თუმცა ვასო ურუშაძე იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროცესი ბუნდოვანია, საზოგადოებას კი მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით მცირე ინფორმაცია აქვს. საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის საკითხი ბიუროს სხდომაზე უკვე გავიდა. კანონპროექტით განსაზღვრულია კონკრეტული ლიმიტები ანუ რა შემთხვევაში რა მოცულობის ზარალს აანაზღაურებს კერძო სადაზღვევო კომპანია. მაგალითად, დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა 25 ათასი ლარი იქნება, ხოლო ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის მიყენებული სადაზღვევო ლიმიტი 30 ათას ლარს შეადგენს.