რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მთავრობას საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვას სთავაზობს - ამის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნული საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს იგეგმება. გარდა ამისა, დუმა აპირებს ხელისუფლებას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვაც შესთავაზოს. ცნობისთვის, 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გავიდა 25 მილიონ 582 ათას 447 ბოთლი ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ზე მეტია.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, რუსეთიდან საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 30-35 მილიონი დოლარი ირიცხება. 2019 წლის 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში 163 მილიონ 700 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს.