2017 წლის 1 სექტემბრიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან. ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირების ნაწილი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
სააგენტოს ცნობით, დაშვებული სიმაღლე - 400 ფუტი გავრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე. რეგისტრაციისა და ექსპლუატაციაზე თანხმობის მიღებისთვის სერიული ნომრის წარდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში.