მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე შექმნა ახალი პრეპარატი, რომელიც გლიობლასტომის - თავის ტვინის მომაკვდინებელი სიმსივნის უჯრედებს ანადგურებს. აღნიშნული სიმსივნური პათოლოგიის დროს სიკვდილიანობა მაღალია, პაციენტთა მხოლოდ 5 % ცოცხლობს , შესაბამისად, ამ სფეროს ყველა აღმოჩენა კაცობრიობისათვის დიდი მნიშვნელობისაა. პროფესორმა ხეიკო ვურდაკმა თავის კოლეგებან ერთად ჩაატარა რამდენიმე ლაბორატორიული ტესტი, რომლითაც გლიობლასტომის უჯრედებზე ნაერთ KHS101-ის გავლენის დემონსტირირება მოხდა. აღმოჩნდა, რომ ნივთიერებას შეუძლია გლიობლასტომის უჯრედებში ენერგეტიკული ცვლის დაბლოკვა, რაც საბოლოო ჯამში უჯრედების კვდომას განაპირობებს. მეცნიერებს ეგონათ, რომ KHS101-ის გავლენით სიმსივნური უჯრედების ზრდა შენელდებოდა, მაგრამ ნივთიერება კიდევ უფრო ეფექტური აღმოჩნდა, მან სიმსივნური უჯრედები გაანადგურა. ექსპერიმენტები ჯერჯერობით მხოლოდ უჯრედებზეა ჩატარებული. პრეპარატის კლინიკური გამოცდა მალე დაიწყება. საყურადღებოა ასევე ახალი პრეპარატის ორი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც მეცნიერებმა არაერთი ტესტის დახმარებით შეამოწმეს -პრეპარატი არ ვნებს ტვინის ჯანმრთელ უჯრედებს, ასევე გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებული, გლიობლასტომასთან პოტენციურად მებრძოლი ბევრი პრეპარატი სწორედ აღნიშნულ ბარიერს ვერ გადის. ჩატარებული კვლევები დიდ იმედებს უსახავს გლიობლასტომით დაავადებულ პაციენტებსა და მათ მკურნალ ექიმებს.