თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
პაციენტებში უკვე შეიმჩნევა რქოვანას რეფლექსი და გუგის მოძრაობა, რაც რატიანის თქმით, იმას ნიშნავს, რომ ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.