გენერალური პროკურატურა "თიბისი ბანკის" 2008 წელს შესრულებული ტრანზაქციით დაინტერესდა და 10 წლის შემდეგ იკვლევს საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობას. რამდენიმე დღის წინ ინვესტორებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ინგლისურენოვან ვებგვერდზე "თიბისი ჯგუფის" განცხადება გავრცელდა, სადაც კომპანია ადასტურებს, რომ "თიბისი ბანკის" 2007-2008 წლების ზოგიერთ ტრანზაქციას ეროვნული ბანკის მონიტორინგი/ინსპექტირება ჩაუტარდა. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული სადავო ტრანზაქციები ეროვნულმა ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებამდე (2014) რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს შეისწავლა და მაშინ სებ-ს რაიმე ზომისთვის არ მიუმართავს. ჩვენ გავარკვიეთ, რომ იმავე ტრანზაქციის შესწავლა ეროვნულმა ბანკმა 10 წლის შემდეგ, შარშან ზაფხულში კვლავ გადაწყვიტა და 2018 წლის ნოემბერში თიბისი ბანკს 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. "თიბისი ბანკმა" ეს გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.