ქორწილის, იუბილეს, ქელეხის ან სხვა მასობრივი სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.
როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა ქორწილი, იუბილე, ქელეხი და ა.შ.