საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შესაძლოა, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნან და 5 სექტემბრიდან დღემდე იზოლაციაში მყოფი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას გადაადგილების საშუალება მისცენ.
ამ წუთებში, ხალხმრავლობა შეინიშნება ოკუპირებული დაბის შესასვლელში არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, რომელიც უკვე 140-ე დღეა ჩაკეტილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან ე.წ. მესაზღვრეები, დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები და ოკუპირებული ახალგორის გამგეობის თანამშრომლები. ე.წ. გამშვებ პუნქტთან ორი ერთეული მიკროავტობუსიც გამოჩნდა, რომელშიც ახალგორში მაცხოვრებლები იმყოფებიან.
ჯერ უცნობია, დე ფაქტო რეჟიმი მოსახლეობის რა კატეგორიას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას და რა პირობით.