ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, ცესკომ კი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბერი) უნდა დაადგინოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რა ვადაც მაქსიმუმ 20 დეკემბრამდეა.
პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით უნდა იყოს წარმოდგენილი.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.