"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. პლენარულ სხდომათა დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
ბობოხიძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრების ზვიად ძიძიგურის, დავით მათიკაშვილისა და კარლო კოპალიანის განცხადებებს. ამის შემდეგ, ბობოხიძემ კარლო კოპალიანს შეახსენა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მან უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან ერთად დააკოპლექტა, რასაც თავად კოპალიანის გაღიზიანება მოჰყვა. ამ ინციდენტის შემდეგ "ევროპულმა საქართველომ" სხდომათა დარბაზი დატოვა.