თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბრალდებებს პასუხობს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "აირზენას" "ტავ ჯორჯიას" მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარს აღემატება. თუმცა, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.
ამასთან, კომპანიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია Georgian Airways ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას არ შეასრულებს, „ტავ ჯორჯია“ იძულებული გახდება ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა შეუზღუდოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა", რომლის თანახმადაც, თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.