„ჯორჯიან ეარვეისი“ 150 მლნ დოლარად იყიდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ავრცელებს და ქართული ავიაკომპანიისთვის ინვესტორს ეძებს. კომპანია Georgian Business Brokerage-ს პრეზიდენტი „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა. ცნობისთვის, ავიაკომპანია მან გასული წლის ნოემბერში დატოვა და მიზეზად სწორედ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლა დაასახელა. Georgian Business Brokerage აშშ-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით.რაც შეეხება ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“, შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს ავიაკომპანიის გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება დაიწყო. ამ მიზნით, სასამართლოს კომპანიის დირექტორმა მიმართა. როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განპირობებულმა მოვლენებმა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა და ერთადერთი გამოსავალი მოვალის რეაბილიტაცია იყო.