2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 ათას 217 პოლისი, საიდანაც 3 ათას 381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 8 სადაზღვევო კომპანია. სურვილის შემთხვევაში, პროგრამაში ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.
ამასთან, უწყების ცნობით, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფო 2019 წელსაც, სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას ყველა კულტურაზე 70%-ით, ხოლო ვაზზე 50%-ით განახორციელებს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ 304 ათას 952 ლარს შეადგენს.