საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.
დოკუმენტის თანახმად, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტიგენტსაც. ამ კატეგორიაში კი განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან და სხვა.