ბათუმში კონფერენცია საქართველოს "ევროპული გზა" მეორე დღეა გრძელდება. პირველ სესიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეები ურთიერთკავშირების თემაზე დისკუსიას გამართავენ. საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას მაღალი დონის დელეგაციები სტუმრობენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინდელ სიტყვით გამოსვლებში საქართველოს მიერ 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებასა და რეფორმებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უცვლელი კურსი. საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით მხარდამჭერი გზავნილები გაჟღერდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდანაც. ამასთან, დონალდ ტუსკი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მიესალმება.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.